ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთის რეაბილიტირებული მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკის პირველი პაციენტები მოინახულა, მედპერსონალს გაესაუბრა და საავადმყოფოში არსებული ულტრათანამედროვე ტექნიკით დაინტერესდა.
ახალ ჰოსპიტალში რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი პაციენტი მიიღებს მომსახურებას, სოციალურად დაუცველი ადამიანები კი, პოლისების მეშვეობით შეძლებენ მკურნალობას. კლინიკაში განთავსებულია ამბულატორიული, პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური განყოფილებები და სამშობიარო ბლოკი. რეაბილიტირებული საავადმყოფო 15 საწოლიანია და 90-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული.
დუშეთის მრავალპროფილურ საავადმყოფოს რეკონსტრუქცია სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" განახორციელა, რისთვისაც მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯა. იქ 75 ადამიანია დასაქმებული.
დუშეთის საავადმყოფოში პრეზიდენტის სტუმრობის დროს კიდევ ერთი ბავშვი, ნინო ბანცური, დღეს საკეისრო კვეთით გაჩნდა. მეხუთე შვილიშვილის დაბადება ელისო აფციაურს პრეზიდენტმა პირადად ახარა.