საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში მაინა კიაის შეხვდა.
საუბრისას მინისტრმა სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში რეფორმების კურსის გაგრძელება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, კიაიმ კმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გამო, რისი დასტურიცაა საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მზადყოფნა უმასპინძლოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ბატონი კიაის ვიზიტი ამ კონტექსტში განიხილება.
მაინა კიაის ვიზიტი საქართველოში 13 თებერვლამდე გაგრძელდება. პროგრამით გათვალისწინებულია შეხვედრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.