სიღნაღის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში წყალი ჩავიდა და შენობის კედლები დაინესტა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის დირექტორმა ზაზა თოდრიამ განუცხადა, შენობაში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს საფრთხე არ ემუქრება.
„მუზეუმში წყალი ჩამოვიდა, მაგრამ ექსპონატები არ დაზიანებულა. საბედნიეროდ, ექსპონატებს დაზიანების საფრთხეც არ ემუქრება. კედლიდან მხოლოდ 1 ნახატი გვაქვს ჩამოხსნილი. ძლიერი ყინვის დროს სახურავზე და საწვეთურებში თოვლი გაიყინა. ამის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოვიძახეთ და საწვეთურებიდან ყინული ამოტეხეს. ფიროსმანის დარბაზში ამჟამად 18 ნახატია გამოფენილი. პირველ სართულზე არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და შუა საუკუნეების მასალა ინახება, დროებით საგამოფენო სივრცეში კი სიღნაღელ-ამერიკელი ჯონის, ერთი უკრაინელი და რუსი მხატვრის ნამუშევრებია გამოფენილი", - აღნიშნა ზაზა თოდრიამ.
მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის რეაბილიტაციის დროს, 2007 წელს ჩაუტარდა.
სიღნაღის მუზეუმში არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალაა დაცული. მუზეუმში ექსპონირებულია კახეთის სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებზე აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები ქვის ხანიდან ძვ.წ. I საუკუნემდე. აქ თავმოყრილია საინტერესო ეთნოგრაფიული მასალა: მუსიკალური ინსტრუმენტები, საბრძოლო იარაღი, ტანისამოსი და ქალაქის ყოფის სხვა საინტერესო ნიმუშები. შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იბერიის აღმოსავლეთ პროვინციის, კახეთის უძველესი ქალაქების: ბერის, რუსთავის ხორანთას, ნეკრესის, ხორნაბუჯის, გავაზის, არეშის, გრემის, ბაზარისა და სხვა დასახლებების საქალაქო ცხოვრების ამსახველი ნიმუშები. შუა საუკუნეების ექსპოზიციის დიდი ნაწილი კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული და მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს უკავია. დიდ დარბაზში გამოფენილია XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის 18 ფერწერული ტილო.