ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრი ჯონდი ბაღათურია, ელიტური კორუფციის ფაქტების გამოვლენის მიზნით ანტიკორუფციული საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
ბაღათურიას თქმით, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა უკვე დაიწყო პროექტ "კორუფციული რვაფეხას" განხორციელება, რომლის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნეპოტიზმსა და პროტექციონალიზმში ამხილეს, სოფლის მეურნეობის ახლანდელი მინისტრი ზაზა გოროზია კი ამის ხელშემწყობად.
"პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა რიგი ფაქტები და ყურადღება მიიპყრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის სწრაფად გამდიდრებამ", - აღნიშნა ბაღათურიამ და აქვე დასძინა, რომ ამის გათვალისწინებით პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის უნდა შეიქმნას, რომელიც პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების სწრაფად გამდიდრების მიზეზებს, ხელისუფლებაში არსებულ ელიტური კორუფციის სხვა გამოვლინებებს შეისწავლის.
ბაღათურია მის ინიციატივაზე პრეზიდენტის დამოკიდებულებას, მის ერთგვარ ტესტად მიიჩნევს.
"თუ პრეზიდენტს სუფთა ბიოგრაფია აქვს, ის ამ ინიციატივას ხელს არ შეუშლის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმრავლესობის ხელით, მას დაბლოკავს. ასეთ დროს პრეზიდენტი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება და მის მოღვაწეობაში, ცუდი პრეცედენტი იქნება", - მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს.