საერთო სახალხო მოძრაობა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ 2003 წელს შევარდნაძის დროინდელ არჩევნებზეც კი არ მომხდარა.
გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე შედგენილ პირველად ოქმებსა და მეორად ოქმებს შორის თვალშისაცემი განსხვავებაა.
"არჩევნების გაყალბება მაშტაბურია აჭარასა და სამეგრელოში, ასევე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. მსგავსი რამ 2003 წელსაც კი არ მომხდარა. ერთ-ერთ პირველად ოქმში გაჩეჩილაძეს ხმა 205-მა ამომრჩეველმა მისცა, სააკაშვილს 115-მა. მეორად ოქმში ციფრები გადასწორებულია და გაჩეჩილაძეს 149 ხმა აქვს, ხოლო სააკაშვილს 550. ასეთი დარღვევა უამრავია. გაყალბებული ოქმები ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს და კიდევ ბევრი გვექნება. ყველა სასამართლო ისტანციას მივმართავთ და მათემატიკაში სამი კლასის განათლების მქონე მოსამართლეც კი მიხვდება, რომ ოქმებში ციფრები გადასწორებულია, სადაც მონაცემების ჯამი ერთმანეთს არ ემთხვევა. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბნებში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო ყუთში ჩაგდებული ბიულეტენები სჭარბობს",_განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა საზოგადოებას საარჩევნო ოქმები და წინასწარ შემოხაზული ბიულეტენებიც წარუდგინა, რომელიც მისი მტკიცებით გაყალბებულია.