"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკების, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევისა და სხვა წინასაარჩევნო პარტიულ შეთანხმებებსა თუ შეთავაზებებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
ბურჯანაძის განცხადებით, ჯერ ყველას უნდა ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ საქართველოში, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება რეალურად შესაძლებელი იქნება, ხოლო რაც შეეხება კოორდინაციას რეალურ ოპოზიციურ ძალებს შორის, ეს ყველა ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის და ქვეყანაში ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს მოსაპოვებლად.
"არჩევნებზე ყველა ძალა უნდა აღმოჩნდეს თანაბარ საარჩევნო გარემოში და ქართველ ხალხს მისცეს საშუალება არჩევნების დღეს თავად გადაწყვიტოს, რომელ პოლიტიკურ გუნდს მისცემს ხელისუფლებაში მოსვლის მანდატს", - აცხადებს ბურჯანაძე.