"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, "თუ საჭირო გახდა ის ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენაც მოუწოდებს საკუთარი ხმების დასაცავად" პოზიტიურად აფასებს.
"პოზიტიურად ვაფასებ იმას, რომ ამ და სხვა საკითხებშიც ბატონმა ბიძინამ დაიკავა ის პოზიცია, რასაც ჩვენ ვაფიქსირებდით. ეს არის სწორი გზა. ახლა მნიშვნელოვანია, უფრო ღრმა ანალიზის შედეგად ადამიანებმა დაინახონ ის, რომ რეალურად შესაძლებელია არჩევნები არჩევნებამდე დამაჯერებლად მოიგო და ისე იმოქმედო, რომ ხალხის გამოყვანა ხმების დასაცავად არც დაგჭირდეს ქუჩაში. თუ ივანიშვილი ხალხში შიშს გასტეხს და საარჩევნო გარემოს რეალურად შეცვლის, ამას რა სჯობია. მე ვიბრძოლებ სამშობლოს გადასარჩენად ისე, როგორც მიმაჩნია სწორად, ივანიშვილის დღევანდელმა ინტერვიუმ დაადასტურა, რომ დიახ, ბურჯანაძეა მართალია, დიახ, ბრძოლაა საჭირო და ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის მიერ დღეს გაცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა", ზუსტად ემთხვევა "დემოკრატიული მოძრაობისა" და "სახალხო კრების" არაერთხელ ღიად დაფიქსირებულ პოზიციას და მკვეთრად განსხვავდება მის კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების პოზიციისაგან, რომლებიც არ გამორიცხავენ და ღიად აფიქსირებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავენ.