უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს მენტალური პრობლემები და ჰალუცინაციები აწუხებს. ამის შესახებ წიკლაურმა ივანიშვილის მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"ეს სიგიჟის ზღვარზე გაკეთებული განცხადებაა, ისევე, როგორ მისი განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიციის რეფორმა არის წარმატებული, რაც ხელისუფლებას შემთხვევით გამოუვიდა. ასეთია ამ ადამიანის პოლიტიკური ხედვები, რომელიც მიიჩნევს, რომ ის ურთულესი და უმტკივნეულესი რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში გატარდა, თურმე შეიძლება ვინმეს შემთხვევით გამოუვიდეს", - აცხადებს უმრავლესობის წევრი.
მისი თქმით, შემთხვევით არათუ დიდი რეფორმების გატარებაა შეუძლებელი, არამედ შემთხვევით სრულფასოვანი პოლიტიკური ძალის ფორმირებაც კი არ ხდება, რასაც თავად ივანიშვილის მაგალითზე ყველა ძალიან კარგად ხედავს.
"ამ ადამიანს მენტალური პრობლემები და ჰალუცინაციები აწუხებს, რაც მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, სახასიათო თვისებად ყალიბდება", - მიაჩნია წიკლაურს.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან ახლაც თანამშრომლობს და ამ დრომდე მისი წევრია.