საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების სახით მერყევი პოლიტიკური ძალა ყალიბდება. ამის შესახებ წიკლაურმა ივანიშვილის მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
"ივანიშვილი ხან ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ხან ამბობს, რომ რუსეთი დემოკრატიის ლიდერი იქნება და ამ მხრივ ცუდი მაგალითი არ არის, ხანაც ხვდება, რომ ასეთმა პოზიციამ ჩიხში შეიყვანა და საკუთარი განცხადებების კორექტირებას ცდილობს, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კუთხითაც", - მიაჩნია უმრავლესობის წევრს.
მისი თქმით, დასავლური ორიენტაცია ქართველი ხალხის არჩევანია, ეს კურსი გადახედვასა და კორექტირებას არ ექვემდებარება და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც სტაბილურია.
"რაც შეეხება ივანიშვილის გადახტომას ერთი პოლიტიკური პლატფორმიდან მეორეზე, ეს მიუთითებს, რომ მისი ნდობა შეუძლებელია. "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ხან პუტინს უძღვნის დითირამბებს და ომის ინიციატორად საქართველო გამოჰყავს, ხანაც ამბობს, რომ საქართველოს გზა არის ნატოსკენ. საქმე სრულიად დეზორიენტირებულ პოლიტიკოსთან გვაქვს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები ორი თვის განმავლობაში კარდინალურად არ შეცვალოს", - განაცხადა წიკლაურმა.