საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ჟურნალისტებს ჰპირდება, რომ ქუთაისის პარლამენტში გადააგილება თავისუფალი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაჭავარიანმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის შეფასებისას განუცხადა, რომლის ინიცირებაც საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
"ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა ჟურნალისტს ჰქონდეს საშუალება არა მარტო პლენარული სხდომებიდან, ასევე კომიტეტიდანაც მოღოს სიგნალი. ჟურნალისტებისთვის არც ერთი ინფორმაცია და თემა დახურული არ იქნება. უბრალოდ იქნება ადგილები სადაც ჟურნალისტები კამერებს ვერ განათავსებენ, თუმცა იქნება ერთ დიდი პრესცენტრი, სადაც მოვა სიგნალი ყველა საკომიტეტო მოსმენებიდან და თქვენ აღარ მოგიწევთ კომიტეტიდან კომიტეტში სირბილი. თუმცა, თუ ამის საშუალება და სურვილ გექნებათ ამის პრობლემაც არ იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ქუთაისის პარლამენტიც ისეთივე გახსნილი იქნება ჟურნალისტებისთვის, როგორც დღეს არის პარლამენტი.
"ჟურნალისტებისთვის ყველა ინფორმაცია იქნება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაპოვებელი ვიდრე დღეს არის. ასევე გაკეთდება ადგილები ჩართვებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვან ქუთაისის პარლამენტში კომფორტულად იმუშაოთ", - აცხადებს დეპუტატი.
რაც შეეხება ვიდეო გადაღებებს, მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, სხდომებიდან მედიაცენტრში მივა ციფრული სიგნალი, რაც შესაძლებლობას მისცემს მედიას აიღოს როგორც გამოსახულება და ხმა, ასევე სუნთქვაც კი.
"არ იქნება ინფორმაცია, რომელიც თქვან არ მოგეწოდებთ. რაც შეეხება პარლამენტში გადაადგილებას პირადად გაძლევთ გარანტიას, რომ ჟურნალისტებისთვის ამის შეზღუდავ არ მოხდება", - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისის პარლამენტში სხდომათა და საკომიტეტო მოსმენების დარბაზებში ჟურნალისტებს ინდივიდუალური კამერებით მუშაობის საშუალება აღარ მიეცემათ.