საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე რუსი კოლეგის გრიგორი კარასინის ქართულ პროდუქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კარასინის ეს განცხადება ადასტურებს, რომ ქართული პროდუქცია რუსუთში პოლიტიკური მიზნით აკრძალეს.
"კარასინის განცხადება ირიბად იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ადრე პოლიტიკური წინააღმდეგობა არსებობდა ამ პროდუქციის შეტანათან დაკავშირებით. ეს პროდუქცია ფართოდ იყიდებოდა და იყიდება მსოფლიო ბაზარზე უამრავ სხვა სახელმწიფოში, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებში, სადაც სანიტარული მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში. არავისთვის საიდუმლო არ იყო ის, რომ ქართული პროდუქციას რუსულ ბაზარზე შეღწევა აეკრძალა პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ", - განაცხადა ვაშაკიძემ.
რაც შეეხება ქართულ მხარეს. ვაშაკიძის თქმით, ქართული მხარე ამ საკითხს უყურებს, როგორც კერძო ბიზნესის თემას.
"არც პროდუქციის შეტანის შეწყვეტასთან ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას რამე კავშირი და არც მის შეტანის განახლებასთან. პირიქით, პირველი და მეორე საკითხიც რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ იქნა ინიცირებული. თუ ქართული პროდუქცია შევიდა რუსულ ბაზარზე და თუ ქართულმა ბიზნესმა იქ განაახლა თავისი საქმიანობა, ჩვენ მათ წარმატებას ვუსურვებთ", - განაცხადა ვაშაკიძემ.
"ქართული პროდუქციის დაბრუნებისთვის პოლიტიკური დაბრკოლებები აღარ არსებობს", - ამის შესახებ გრიგორი კარასინმა განაცხადა.