საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე იმედოვნებს, რომ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები სისხლისღვრაში არ გადაიზრდება. თუმცა, ვაშაკიძე აცხადებს, რომ რუსეთის მანკიერი პოლიტიკის შედეგად, რომელიც მან აღნიშნულ რეგიონში გაატარა, საქმე სისხლისღვრამდე მისული არის.
"რაც ხდება ცხინვალის რეგიონში ეს კანონზომიერი შედეგია იმ მანკიერი პოლიტიკისა რაც საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციამ თავად გაატარა. შესაბამისად, ამ მძიმე მოვლენებზე და თუ მოხდა - სისხლისღვრაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ხელმძღვანელობას ეკისრება", - განაცხადა ვაშაკიძემ.
მისი თქმით, საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ და ქართული მხარე გულისტკივილით ადევნებს თვალყურს იქ მიმდინარე მოვლენებს.
"გვაქვს იმედი, რომ სისხლისღვრამდე საქმე არ მივა, თუმცა სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციის მანკიერი პოლიტიკის შედეგად საქმე აქამდე მიყვანილი არის. იმედს გამოვთქვამთ, რომ იქ სისხლი არ დაიღვრება", - აღნიშნა ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.