საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
" ჩვენ ბევრჯერ გამოგვითქვამს და გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმედს ვიტოვებთ, რომ სისხლისღვრა იქ შეწყდება და პროცესები მშვიდობიან ხასიათს მიიღებს", - განაცხადა ვაშაკიძემ.
რაც შეეხება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სირიასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს, ვაშაკიძე აცხადებს, რომ ვინაიდან საქართველო უშიშროების საბჭოს წევრი არ არის დეტალური კომენტარისგან თავს შეიკავებს.
"რაც შეეხება სირიასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, მოგეხსენებათ, რომ რეზოლუცია ინიცირებული იყო არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მიერ და მას ვეტო დაადო ორმა უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ მოვლენებს. ამ ეტაპზე დეტალური კომენტარებისგან თავს ვიკავებთ, მითუმეტეს, რომ საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი არ არის", - აღნიშნა ვაშაკიძემ.