საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მიხეილ მაჭავარიანმა და ვიცე-სპიკერმა გიორგი წერეთელმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან გამართეს.
პარლამენტის პრეს სამსახურის ინფორმაციით, ქართველმა დეპუტატებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომელზეც სიტყვით აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, სენატისა და კონგრესის წევრები და მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.
გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის წევრთათვის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 150-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამავე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ არკანზასის სენატორი ჯონ ბუზმანი, ოკლაჰომას სენატორი ჯეიმს ინჰოფი, კონგრესმენი კეიტ მორის-როჯერსი.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი ფლორიდის სენატორისა და მისი მეუღლის გრეის ნელსონის მიწვევით შეხვდნენ ფლორიდის შტატის წარმომადგენლებს. საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საქართველოში არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და მოდერნიზაციის პროცესი, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერებსა და ესპანეთის, ბრაზილიის, ისრაელის, უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის.