"რუსეთის მთავრობა იმავე გზით მიდის, რა გზითაც მუბარაქისა და კადაფის რეჟიმები - მას ხელისუფლების დაკარგვა ემუქრება", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბლოგ "The Cable"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ჟურნალ "Foreign Policy"-ის ინტერნეტგვერდზე თავსდება.
"რუსეთი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება, ყურად იღოს თავისი ხალხის მოთხოვნები, არამედ სახალხო რევოლუციების წინააღმდეგობას უდგას სათავეში", _ ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი და დასძენს: "ამის ყველაზე ნათელი და ახალი მაგალითია ის მხარდაჭერაა, რომელსაც რუსეთი ბასარ ასადის სასტიკ რეჟიმს უწევს".
მისი თქმით, რუსული მხარე მიიჩნევს : "თუ სირია დაეცემა, ეს იქნება ბოლო ბასტიონი მოსკოვის დაცემის წინ. მაგრამ ეს საერთოდ ვერ უშველის სირიას და ძალიან ავნებს მოსკოვს".
მისი თქმით, აშშ-მ უნდა გააგრძელოს "გადატვირთვა", მაგრამ რუსეთი "გადატვირთვის წინ არსებულ კურსს უბრუნდება".
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოქნილობა გამოიჩინა, ახლა კი, "როდესაც მიზანი მიღწეულია, იგი კონფრონტაციას დაუბრუნდა".