"დემოკრატიული მოძრაობა" ეხმიანება "ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია არც სამსახურის დაკარგვა ემუქრება და არც პოლიტიკური ზეწოლა.
"კობა დავითაშვილის ეს განცხადება სიახლეს არ წარმოადგენს. გვინდა ბატონ კობას შევახსენოთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობისა" და "სახალხო კრების" ლიდერები ყოველთვის უსვამდნენ ხაზს და აცხადებდნენ, რომ იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, მათ შორის ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსაც და არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის დანაშაული, მათ სამსახურის დაკარგვის საფრთხე არათუ არ დაემუქრებათ, არამედ მიეცემათ თავიანთი პროფესიული ზრდის მეტი შესაძლებლობა, რის საშუალებასაც დღევანდელი სისტემიდან გამომდინარე მოკლებულნი არიან", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დავითაშვილის მცდელობა, რომ ეს საზოგადოებას სიახლედ წარმოუდგინოს, როგორც ჩანს იმის მცდელობაა, რომ ის ცდილობს თავის მოწონებას.
"გასაგებია, რომ მას აქვს გარკვეული ვალდებულებები მასზე დახარჯული ძალიხმევის სანაცვლოდ, თუმცა მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსისგან ხალხისათვის შეგნებული სიყალბის მიწოდების მცდელობა რბილად რომ ვთქვათ არაეთიკურია, მითუმეტეს რომ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის გზავნილები, რომელსაც ისინი "დემოკრატიული მოძრაობისა" და "სახალხო კრების" ლიდერებისგან იღებდნენ", - მიიჩნევენ "დემოკრატიულ მოძრაობაში".
საზოგადოებას ისიც გვინა შევახსენოთ, რომ საქართველოში ერთადერთი უწყება, სადაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საკადრო წმენდა პოლიტიკური, მონური მორჩილების ან ასაკობრივი ნიშნით არ განხორციელებულა, ეს საქართველოს პარლამენტი იყო, რომელსაც მაშინ ჩვენი პარტიის ლიდერი, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა.