საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მართლაც შეიცვალა არა მხოლოდ სათავისოდ და ის მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო "ჰაბი" გახდა.
"ქვეყანა მართლაც შეიცვალა არა მარტო სათავისოდ, არამედ მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო „ჰაბი" გახდა. საქართველოში ახლახანს დასრულდა ევროპაში უდიდესი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. როგორც იცით, საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოდის მანქანის საყიდლად, რადგან მასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვენთან მარტივია და მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. არ გჭირდება დამატებით თანხის გადახდა. ამას გარდა, სხვა ბევრი მიზეზითაც ჩამოდიან საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს გაზი და ნავთობი, მთავრობა გეგმავს ახალი ქალაქების , ახალი აეროპორტების, ახალი რკინიგზების, ჩქაროსნული მატარებლების თუ ავტომაგისტრალების მშენებლობას ყველა მიმართულებით.
"როდესაც აქ მოვდიოდი, ერთი ჩემი მეგობრის, ყატარის ემირის ფოტო ვნახე. დოჰა ლამაზი ქალაქია და ჩვენი ქალაქების ნაწილი მისი მსგავსი ხდება, თუმცა პატარა განსხვავებაა ის, რომ ჩვენ თითქმის არ გვაქვს გაზი. სწორედ ამის გაკეთება შეუძლია თავისუფალ წარმოებას, რამაც მე მომიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებამდე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2005 წელს რუსეთმა საქართველოს ყველა ენერგომომარაგების წყარო დაუბლოკა.
"ჩვენი ელექტროენერგიისა და გაზის, რომელსაც საჭმლის მოსამზადებლად, გასათბობად, ასევე ინდუსტრიული მიზნით ვიყენებდით, 80 პროცენტი რუსეთიდან შემოგვქონდა. ჩვენ განვაახლეთ ჩვენი ენერგოსექტორი და ახლა ელექტროენერგია რუსეთში გაგვაქვს. 2006 წელს მათ დაბლოკეს ჩვენი პროდუქციის იმპორტი თავიანთ ქვეყანაში, რის შედეგადაც ერთ კვირაში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საექსპორტო ბაზრის 60 პროცენტი. სწორედ იმ წელს ეკონომიკური ზრდის ორციფრიანი მაჩვენებელი გვქონდა და მას შემდეგ მდგრადად ვიზრდებით, ეს რუსეთზე ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებლია, მაშინ, როდესაც მათ ნავთობიც აქვთ და გაზიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.