საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტშინ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ისტორიული მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველო დიდი ისტორიის და უდიდესი ცივილიზაციის მატარებელი ადგილია.
"ეს დიდი ისტორიული ადგილია. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძველესი ცივილიზაცია იყო, რომელიც რამდენიმე ათას წელს ითვლიდა. ორ მაგალითს მოვიყვან. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ მედიცინა მსოფლიოს ქართველი დედოფლის მედეასგან აქვს. იგი უძველესი ცივილიზაციის კოლხეთის სამეფოს დედოფალი იყო, რომელიც საბერძნეთის უძველეს ცივილიზაციას ეპაექრებოდა. ღვინის წარმოებაც საქართველოდან იღებს სათავეს. საქართველოში ღვინოს იმავე წესით ამზადებენ, როგორც ამას 5-6 ათასი წლის წინათ აკეთებდნენ. მე პატარა ვენახი მაქვს და იქ ღვინოს ისევე ვამზადებ, როგორც ამას ჩემი წინაპრები აკეთებდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გარდა იმ ფაქტისა, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციაა, ეს არის ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა - საქართველოში ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა 4 საუკუნეში გამოცხადდა, როდესაც მეფემ და მთელმა ქვეყანამ მიიღეს ეს სარწმუნოება.
"ჩვენ ასევე გამორჩეული ანბანი გვაქვს - მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთი. ჩვენი ენა ქართველი ხალხის გარდა მსოფლიოში არავის ესმის, ზოგ შემთხვევაში ეს ნაკლი შესაძლოა უპირატესობაც იყოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იმ დროს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და კლასიკური განმარტებით, წარუმატებელი სახელმწიფო იყო. ეს იყო 90-იან წლებში", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ზამთრის პერიოდის 80 პროცენტის განმავლობაში მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობას ელექტროენერგიით, არ იყო გზები; სკოლებში არ იყო გათბობა; გაკვეთილებზე ბავშვები ხელთათმანებითა და ქუდებით ისხდნენ და იყინებოდნენ; მასწავლებლები დაკავებულები იყვნენ შეშის შეგროვებით, რათა საკლასო ოთახები გაეთბოთ.
მისი თქმით, პოლიციელებს და მთავრობის წევრებს მაშინ ხელფასებს არ უხდიდნენ.
"პოლიციელები თანამდებობებს მთავრობის წევრებისგან ყიდულობდნენ, შემდეგ პირადი მანქანები უნდა გამოეყენებინათ სამსახურეობრივი საჭიროებისთვის, გაევსოთ ისინი ბენზინით, გასულიყვნენ გზებზე, დამდგარიყვნენ და ხალხისგან ფული გამოეძალათ. ისინი ყოველთვიურ გადასახადს უხდიდნენ მთავრობას, რომელმაც ისინი ამ თანამდებობაზე დანიშნა. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რას ჰგავს ყოველივე ეს. სხვათაშორის თუკი ამის ნახვა გსურთ, წადით რუსეთში, ასეთი რამ იქ ახლაც ხდება. ამის სანახავად დროში მოგზაურობა არ დაგჭირდებათ. არავინ იხდიდა გადასახადებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თმით, აღნიშნული პერიოდიდან საქართველო და ქართველი ხალხი ვარდების რევოლუციამ გადაარჩინა.