"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ვაშინგტონში, აშშ-ს პრეზიდენტთან ტრადიციულ საუზმეს დაესწრო. ყოველწლიურ ღონისძიებაში, რომელიც შტატებში 60 წელია იმართება, 50-მდე ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსები, რელიგიური სფეროს და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოებას ბარაქ ობამამ არაფორმალურ ვითარებაში მიმართა და მსოფლიოს წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
"ქრისტიან-დემოკრატების" პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი თარგამაძეს საშუალება ჰქონდა აშშ-ს პოლიტიკურ ელიტასთან საქართველოს თემაზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე კიდევ ერთხელ ესაუბრა.
ამით "ქრისტიან-დემოკრატების" ვიზიტი აშშ-ში დასრულდა. ერთი კვირის ფარგლებში გიორგი თარგამაძემ და და პარტიის საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ შეხვედრები გამართეს სენატსა და კონგრესში, სახელმწიფო დეპარტმანტში, ეროვნულ-დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ინსტიტუტებში, სამთავრობო სტრუქტურებში. ვიზიტის ფარგლებში ქდმ-ს ლიდერები როკვილის ქართულ ეკლესიაში წირვას დაესწრნენ და ვაშინგტონში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.