საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის დავალებით ქვეყანაში შექმნილი უამინდობის გამო მთავრობის სპეციალური სხდომა დაინიშნა. მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლის საკითხებზე მცხეთაში იმსჯელა.
მთავრობა შეთანხმდა, რომ გამოიძებნოს საშუალებები, რათა უახლოეს ხანებში მოხდეს სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ზვავსაშიშროებაა, რაც გადასაჭრელ პრობლემათა შორის პირველია. საუბარი იყო სკოლებზედაც, რადგან უამინდობის გამო ქვეყნის 157 სკოლაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი.
"ბოლო პერიოდში დიდმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია საავტომობილო გადაადგილებაში, ელექტროენერგიის მიწოდებაში. ზოგიერთ სკოლაში შეფერხებულია სასწავლო პროცესი. შტაბიც ჩამოვაყალიბეთ და განვიხილეთ, როგორ შეიძლება, ეს პრობლემები ოპერატიულად გადაწყვიტოთ", - განაცხადა ნიკოლოზ გილაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები ყველაზე მეტად სამეგრელოშია.
"კერძოდ კი, წალენჯიხის რაიონში. აქ აღდგება ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში და პრობლემა აღარ იქნება. რაც შეეხება საგზაო-საავტომობილო გადაადგილებას, პრობლემებია მცხეთა-მთიანეთში. არის ზვავსაშიშროება და ამ პრობლემის გადაწყვეტა მოხდება დღე-ნახევრის განმავლობაში", - აღნიშნა გილაურმა.
გილაურის ინფორმაციით, უამინდობის გამო ამ დროისთვის სასწავლო პროცესი 157-სკოლაშია შეჩერებული.
" 2 200 სკოლიდან 157 სკოლაში არის შეჩერებული სასწავლო პროცესი, რაც ელექტროენერგიის მიუწოდებლობამ გამოიწვია. ვვარაუდობთ, რომ უახლოესი 24 საათის განმავლობაში სასწავლო პროცესი აღდგება", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.