"ირანის წინააღმდეგ ომი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერთ თვეში დაიწყება", - ეს განცხადება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური აზიის, ურალ-პოვოლჟიესა და კავკასიის შესწავლის ჯგუფის კოორდინატორმა, ექსპერტმა ალექსანდრე სკაკოვმა გააკეთა.
"ვიდრე სიტუაცია ისე არ გადაწყდება, როგორც ეს დასავლეთში უნდათ, ირანის წინააღმდეგ აგრესია არ დაიწყება. როგორც კი ასადის რეჟიმი დაემხობა, აი მაშინ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ირანთან ომი ერთ თვეში ან რამდენიმე კვირაში დაიწყება", _ აცხადებს სკაკოვი.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ კოალიციაში შევლენ საქართველო, თურქეთი, ისრაელი, ასევე სპერსეთის ყურის მონარქიები.
"არა მგონია, ამ აგრესიაში ისრაელს ლიდერის როლი დაეკისროს, მაგრამ თავის წვლილს მაინც შეიტანს. ასევე თავი წვლილს შეიტანენ სპარსეთის ყურის მონარქიები, კერძოდ, საუდის არაბეთი და ყატარი. ისინი ირანის ისტორიული მტრები არიან.
რაც შეეხება საქართველოს, მიმაჩნია, რომ თბილისი წავა ყველაფერზე, რაც აშშ-ს უნდა. სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა ობამასა და სააკაშვილის შეხვედრის დროს. და რა თქმა უნდა, საქართველო ამერიკელებს ნებისმიერ პლაცდარმს მისცემს", _ აცხადებს ექსპერტი.
სკაკოვის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული კოალიცია იკვრება და იგი ვერ ხედავს ფაქტორს, რომელიც ამ ქვეყნების აგრესიას შეაკავებს, გარდა იმისა, რაც ნაკლებადსავარაუდოა და რაც ბასარ ასადის რეჟიმის შენარჩუნება ჰქვია.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში აზერბაიჯანმა შესაძლოა სამხედრო ავანტიურა წამოიწყოს მთიან ყარაბაღში.
"ეს მათ (აზერბაიჯანს) ხელებს გაუხსნის, იმიტომ, რომ დასავლეთს, პირველ ყოვლისა კი აშშ-ს, მთიანი ყარაბაღისთვის არ ეცლებათ. დღესაც კი აზერბაიჯანში არის სურვილი სამხედრო ავანტიურაზე წასვლისა, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებენ, რომ ბაქოს ბლიც-კრიგი არ გამოუვა", _ აცხადებს სკაკოვი.