არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს ახორციელებენ, ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან არ დასრულებულა საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შეჯამება და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა.
"მოვუწოდებთ საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს, არჩევნების შედეგების დაჯამება და საჩივრების განხილვა დროულად, გამჭირვალედ და კანონის სრული დაცვით მოახდინონ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-მ დროულად დაითვალოს დამატებითი სიების საშუალებით მიცემული ის ხმები, რომლებიც საარჩევნო უბნებში არ დათვლილა", _ განაცხადა "სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა სირაძემ.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო კომისიებში წარდგენილი აქვთ შემდეგი რაოდენობის საჩივრები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება _ 170-მდე საჩივარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია _ 230-მდე საჩივარი, ახალი თაობა ახალი ინიციატივა _ 40-მდე საჩივარი.