"რუსთავი 2" ახალი რეალითი შოუსთვის ემზადება. პროექტი სახელწოდებით "ტოპ გოგო" პირველი ქართული რეალითი შოუა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ დამწყები მოდელები მიიღებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის მონაწილე სალომე ღვინიაშვილმა განუცხადა ახალი რეალითი შოუ "რუსთავი 2"-ზე გაზაფხულზე დაიწყება.
"ძალიან საინტერესო პროექტია. ეს ხელს შეუწყობს სამოდელო ბიზნესის განვითარებას. პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო, მონაწილე მოდელებისთვის, არამედ მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ ისინი ამ სფეროში ბევრ საინტერესო რამეს იწვალიან და აღმოაჩენენ. მე ჩემ ცამეტწლიან გამოცდილებას დამწყებ მოდელებს გავუზიარებ, ასევე ჩართულები იქნებიან უცხოელი და ქართველი პედაგოგები", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ღვინიაშვილმა.
გოგონების შესარჩევი პირველი დღე გუშინ მარჯანვშვილის თეატრში გაიმართა. "კიკალას" სტუდიოს დამფუძნებელი, გიორგი კიკალიშვილი, რეჟისორი გოჩა კაპანაძე და მოდელი სალომე ღვინიაშვილი 400 კონკურსანტიდან 30 მონაწილეს გამოავლენენ. პროექტის მონაწილე 13 კონკურსანტს სპეციალურად ბრიტანეთიდან მოწვეული ჟიური დაასახელებს. 6 თვიან სატელევიზიო შოუს ფარგლებში მოდელები სხვადასხვა ჩვენებაში და ფოტოსესიაში მიიღებენ მონაწილეობას. მოდელებს ყოველი კვირის მანძილზე სპეციალური დავალების შესრულება მოუწევს. პროექტის დასასრულს სამი ფინალისტი ლონდონში გაემგზავრება იქ კი გამარჯვებულს სამოდელო სააგენტო "ტოპ მოდელსი" გამოავლენს.