დიდთოვლობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ბაკურციხე-თელავის მაგისტრალის სართიჭალის მონაკვეთზე, ძლიერი ნამქერისა და ცუდი ხილვადობის გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებები ამ დროისთვის გადაადგილებას ვერ ახერხებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე განწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დიდთოვლობის გამო ასზე მეტი ავტომანქანაა გაჩერებული საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთანაც, სადაც ასევე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მძღოლებს თბილისის მიმართულებით მოძრაობას უკრძალავს.
ჩაკეტილია ვაზიანი - გომბორი - თელავის გზაც. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გომბორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნოშრე ნეკრესელაშვილმა განუცხადა, გზაზე თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.
გარდა ამისა, შეზღუდვებია თბილისის შემოვლით გზაზეც.