გაზეთი „ალია" ბიზნესმენ დანიელ გუფთას მიერ ნაყიდ თბილისის საავადმყოფოებზე წერს სტატიაში "არამიანცი ხელახლა იყიდება?!."
გუფთამ გასულ წელს ექვსი კლინიკა შეიძინა იმ პირობით, რომ სამედიცინო დაწესებულებებს 7 წლის განმავლობაში პროფილს შეუნარჩუნებდა და იმავდროულოდ გაარემონტებდა კიდეც.
როგორც „ალიამ" ამ რამდენიმე დღის წინ გაარკვია, გუფთას საკუთრებაში გადაცემულ თითქმის არც ერთ კლინიკაში რემონტი არ გააკეთა.
„ალია" წერს, რომ გუფთამ სახელმწიფოსგან 330 ათას ლარად შეისყიდა „ზოგადი თერაპიის კლინიკა", 740 ათას ლარად - „ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკა", 500 ათას ლარად - „თვალის სნეულებათა კლინიკა
მზერა", 720 ათას ლარად - „გინეკოლოგიური კლინიკა", 55 ათას ლარად „ანესთეზიოლოგიური კლინიკა" და 2 მლნ 100 ათას ლარად „თორაკო-აბდომინალური კლინიკის" მფლობელიც გახდა. „კლინიკები არა, მაგრამ ბარემ აქვე დავსძენთ, რომ დანიელ გუფთამ ე.წ. არამიანცის კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე 2 მიწის ნაკვეთიც აუქციონის წესით შეიძინა, რომელშიც 1,6 მლნ ლარი გადაიხადა"- წერს „ალია".
გაზეთის ინფორმაციით, დანიელ გუფთას მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენი და „ამთელ პროფერტისის" დირექტორი და დამფუძნებელია. ეს კომპანია კი რუსეთში საბურავების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი გახლავთ.
პირველი გინეკოლოგიური კლინიკის ექიმი ემზარ ავალიანი გაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუფთა მათი კლინიკის გაყიდვას აპირებს.
„ალია" შეეცადა, დანიელ გუფთას დაკავშირებოდა, მაგრამ ბიზნესმენს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში არ ჰყავს.