მთავრობის კანცელარიაში ვიცე-პრემიერმინისტრ გიორგი ბარამიძის თავმჯდომარეობით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა. ქ. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში პოლიტიკური და პარტნიორობის კომიტეტის სხდომაზე 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტის განხილვის შემდეგ დღევანდელ სხდომაზე წლიური ეროვნული პროგრამა საბოლოოდ დამტკიცდა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა სფეროებში რეფორმების გეგმებს მოიცავს და უწყებათაშორისი რამდენიმეთვიანი კოორდინირებული მუშაობის შედეგია.
სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი.
წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2009-2010-2011 წლების წლიური ეროვნული პროგრამები ნატოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული. 2012 წელი პროგრამის განხორციელების მეოთხე ფაზას წარმოადგენს.