დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები დამტკიცდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
ბრძანების თანახმად, დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე და ლტოლვილზე თბილისში თვეში არა უმეტეს 10.2 ლარით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში - არა უმეტეს 5 ლარით განისაზღვრა.
ზემოთ აღნიშნული თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება - დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი 2 ლარით განისაზღვრება, საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვრება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს: თბილისში მოხმარებული წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისათვის - 3.15 ლარი, საქართველოს სხვა რეგიონებში 2.50 ლარი, ნარჩენის გატანისათვის -თბილისში 5.0, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში 0.45 ლარი; დეზინფექცია-დერატიზაციისათვის - 0.05 ლარი.
ამასთან, დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციამ ხელშეკრულება დახმარებების მისაღებად უნდა გაფორმოს 2012 წლის 1 დეკემბერის ჩათვლით.
ბრძანება ვრცელდება 2012 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.