დღეს 12.00 საათზე ზაზა გაბუნიამ თბილისის საკრებულოში ორგანიზაციის "მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისთვის" წარმომადგენელთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ინვალიდი ბავშვების საპენსიო უზრუნველყოფასა და სადაზღვევო პაკეტზე ისაუბრა.
ზაზა გაბუნიას განმარტებით, თბილისის მერიამ, საკუთარი ინიციატივით, დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციის გარეშე ინვალიდი ბავშვების საპენსიო თანხას 10 ლარი ჩამოაჭრა, ამ უკანასკნელთა სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფის მიზნით.
ზაზა გაბუნია: "აღნიშნული გადაწყვეტილება არ შედის თავად უნარშეზღუდულთა და მათი ოჯახების ინტერესებში, ამ ადამიანებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ფულადი მხარდაჭერა, რადგან თავად სადაზღვევო პაკეტი თავისი პირობებით არ პასუხობს ინვალიდი ბავშვების ყოველდღიურ მოთხოვნილებას."
ზაზა გაბუნია ქალაქის მერიისგან ითხოვს დაზღვევისათვის ჩამოჭრილი 10 ლარი შეუნარჩუდეს უნარშეზღუდულებს, როგორც პენსიის თანხა, ხოლო დაზღვევა დააფინანსოს მერიამ და შეიმუშაოს იმგვარი პაკეტი, რომელიც გაითვალისიწნებს უნარშეზღუდულთა დასვენება-რეაბილიტაციის კურსს და შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ინფორმაციისთვის, უნარშეზღუდული ბავშვები საპენსიო უზრუნველყოფის სახით სახელმწიფოსგან 80 ლარს იღებდნენ, ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ კი მათი პენსია 70 ლარი გახდა.