საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ბანკში საქართველოს შესახებ წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. წიგნის სახელწოდებაა "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა". წიგნის ავტორია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი.
როგორც ასად ალამმა წიგნის წარდგენისას განაცხადა, წიგნი საქართველოში გატარებული რეფორმებს და ანტიკორუფციული ღონისძიებებს ასახავს.
"წიგნში შესული ინფორმაცია ეფუძნება ყოფილი და ახლანდელი მაღალი საჯარო მოხელეების გამოცდილებას. წიგნში ასახულია რვა საჯარო სამსახურის კვლევა, რომლებშიც ანტიკორუფციული ზომები განხორციელდა. წიგნში აღნიშნულია, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლა ათმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა პოლიტიკური ლიდერების სურვილი, მთავრობის შიგნით მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო გამოცდილების მორგება რეალობაზე, ასევე ტექნოლოგიისა და კომუნიკაციის სტრატეგიული გამოყენება", - განაცხადა ასადმა.
"ჩვიდმეტ წელიწადში დავწერ მემუარებს, მაგრამ თქვენ ჩამომართვით შესაძლებლობა ჩემი წიგნის გაყიდვის, მაგრამ არა უშავს, მაინც მოხარული ვარ, ჩვენი რეფორმები ასე კარგად არავის არ აღუნუსხავს, როგორც ეს ასად ალამმა გააკეთა. ისინი ნაწილი იყვნენ ამ რეფორმების და ყველაფერს პირადად აკვირდებოდნენ. მათი სამუშაო ამაზე უფრო დროული არ იქნებოდა იმ მოვლენების ფონზე, რაც ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში და იმედი მაქვს, რუსეთშიც მოხდება", - მიმართაასადს სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რაც საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მოხდა, მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
"ჩვენ იდეალისტურად გვწამდა, რომ მოქალაქეები დაიწყებდნენ თავიანთი ქვეყნის კანონის პატივისცემას, თუ ქვეყანაც დაიწყებდა მათ პატივისცემას. ჩვენ გვწამდა, რომ კანონი აღარასდროს იქნებოდა აღქმული ზეწოლის იარაღად და ხალხს მოეწონებოდა, გაითავისებდა და დაიცავდა. დამთხვევა არ არის ის, რომ ჩვენ კამპანია დავიწყეთ მარტივი ლოზუნგით: საქართველო კორუფციის გარეშე. ამავდროულად, ეს გავდა აუხდენელ ოცნებას, მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კორუფცია ჩვენი პრობლემების გახრწნილი ბირთვი იყო და რაც მთავარია გვწამდა, რომ კორუფციის დამარცხება შეიძლებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს წარმატება ამსხვრევს მითს, რომ კორუფცია კულტურის ნაწილია.
"როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სიტუაცია ასეთი იყო _ ხაზინა ცარიელი იყო და არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო. ახალგაზრდები ვიყავით, მეც მათ შორის. შეიძლება ახლა ქართული პოლიტიკისთვის მოვხუცდი, როგორც ხედავთ უფრო ახალგაზრდები მოდიან, რაც კარგი ახალი ამბავია. მახსოვს, ბილ კლინტონმა თქვა, ვინ არის ეს 36 წლის პრეზიდენტი, როგორ გაუძღვება საქმეს, ის თან მამხნევებდა. შემდეგ იყო დასავლეთში ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენი გუნდი დაახასიათა, როგორც ოუშენის თერთმეტი მეგობარი. ჩვენ ვიყავით გამბედავები, დიდ რისკზე წამსვლელები, რადგან ვიცოდით, რომ უნდა გაგვერისკა. ვიცოდით, რომ ამოცანის შესრულება თითქმის შეუძლებელი იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.