დიდთოვლობის გამო 21 სატვირთო ავტომობილი დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირთან არის გაჩერებული. ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ებს" მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა, მათი გადაადგილება დაახლოებით 10 დღე ვერ მოხერხდება.
"ტრაილერების მოძრაობა 7-10 დღე ვერ აღდგება, რადგან ეს არის მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი, რომლის მოძრაობა აკრძალულია დუშეთიდან სტეფანწმინდის მიმართულებით. სანამ ეს გზა მთლიანად არ იქნება გაწმენდილი ტრაილერების მოძრაობა ვერ აღდგება. მათი გადაადგილება დამოკიდებულია ამინდზე", - განაცხადა ამირხანაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია გუდაურამდე. ამირხანაშვილის ინფორმაციით, დილით დაიკეტა ჯვრის უღელტეხილი დიდთოვლობისა და ცუდი ხილვადობის გამო.