კახეთში ცენტრალურ საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ დროისათვის შეზღუდვები დაწესებულია ლოჭინი ბაკურციხის და ვაზიანი - გომბორი - თელავის გზებზე. გზები მოყინულია და ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დასაშვები.
„ამ ეტაპზე არის ცალკეული შეზღუდვები. ეს არის ლოჭინი ბაკურციხის მიმართულებით, სადაც შეზღუდულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, ეგრედწოდებული ტრაილერების გადაადგილება. ამავე დროს, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. სამუშაოები გრძელდება, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილება ყველა მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.