დღეს, 1-ელ თებერვალს, ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეა. ანტონ მარტყოფელი (მარტომყოფელი), ანტონ მესვეტე, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანია.
ანტონ მარტყოფელი საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს "მარტოდმყოფელი". ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფელ მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტომყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქ. ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ანტონ მარტომყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ (გადაკეთებული XII-XIII სს.) ჩართულია "ქართლის ცხოვრების" ანასეულ ნუსხაში (XV ს.).
იოანე ზედაზნელის მოწაფეები, ასურელი მამები იყვნენ: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელის, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი.