აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების თემაზე, ჩიკაგოს მომავალ სამიტზე, საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელობასა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"საუბარი იყო ღია და საინტერესო. ბატონ მაკკეინს მადლობა გადავუხადე იმისათვის, რომ საქართველოს თემა მისთვის არასოდესაა მეორეხარისხოვანი. გავიხსენეთ 2008 წელი, როცა მსოფლიო ლიდერებს შორის სწორედ მაკკეინმა ყველაზე მკაფიო და პროქართული პოზიცია დაიკავა. სენატორმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ამკერადაც ღიად დააფიქსირა. ვისაუბრეთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეების გადაჭრის გზაზე აშშ-ის, როგორც სანდო პარტნიორის, მტკიცე პოზიციის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მან საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი" - განაცხადა თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ვიზიტი აშშ-ში 26 იანვარს დაიწყო. გიორგი თარგამაძემ და და პარტიის საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ უკვე გამართეს შეხვედრები სენატსა და კონგრესში, სახელმწიფო დეპარტმანტში, ეროვნულ-დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ინსტიტუტებში.
ქდმ-ს ლიდერები როკვილის ქართულ ეკლესიაში წირვას დაესწრნენ და იმავე დღეს ვაშინგტონში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.
შეხვედრები დაგეგმილია სოფლის მეურნეობის სამინისტროში და აშშ-ს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. 2 თებერვალს გიორგი თარგამაძე აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან საუზმეზეა მიწვეული.