"თავისუფალი აზრის სახლში" ანალიტიკური პროექტის "რეალური რისკები რეალურ საქართველოში" III ნაწილის - "დემოგრაფიული რისკები საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი მეცნირები, საზოგადო მოღვაწეები, უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები და უფლებადამცველები. პრეზენტაცია გახსნა "თავისუფალი აზრის სახლის" საბჭოს თავმჯდომარემ, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, გივი თალაკვაძემ. ძირითადი მომხსენებელი იყო ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და დემოგრაფი ანზორ თოთაძე.
ნაშრომი მოიცავდა საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ტენდენციებს და მოსალოდნელ დემოგრაფიულ საკითხებს, კერძოდ პროექტი დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, შობადობის კრიზისულ ზღვრამდე დაცემა, ბავშვთა მოკვდაობისა და მკვდრადშობადობის მაღალი დონე, საზოგადოების უმეტესი ნაწილის გაუცნობიერებლობა, გულგრილობა, ნიჰილიზმი და ცხოვრებაში გაუთვალისწინებლობა.
"1989 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 5 მლნ.401 ათას ადამიანს. ორი წლის შემდეგ მოსახლეობამ მცირედით მოიმატა, მაგრამ 1992 წლიდან საქართველოში დაიწყო მოსახლეობის კლება. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მიგრაცია. მიგრაციის შედეგად, მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. გადინების შედეგად, საქართველოში, უფრო მეტად, დარჩა 18 წლამდე და 50 წელს ზევით მოსახლე, რომელთაც შობადუნარიანობა დაბალია", - აღნიშნა თოთაძემ.