ხვალ, 1-ელ თებერვალს, სოციალურ ქსელ "Facebook"-ში "პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები" დაიწყება.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ვირტუალური არჩევნები მომხმარებელთა თხოვნით იწყება და თამაში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
"მეგობრებო! როგორც შევთანხმდით, იწყება პარლამენტის თავმჯდომარის მეორე ვირტუალური არჩევნები. თამაშის დაწყება შესაძლებელი იქნება ამ გვერდზე, 1-ელ თებერვალს, 15:00 საათის შემდეგ. იმედი მაქვს, ისევე იაქტიურებთ, როგორც პირველი არჩევნების დროს. ყველას გისურვებთ წარმატებას", - აღნიშნულია ბაქრაძის განცხადებაში, რომელიც "Facebook"-ში მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
თამაშის წესების თანახმად, გამარჯვებული ერთ სამუშაო დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე, ვირტუალური არჩევნების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. თამაშის გამარჯვებული ირაკლი ღლონტი გახდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს ბიუროს სხდომასა და სპიკერის პირად შეხვედრებს დაესწრო.