საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტობის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და პრეზიდენტების შეხვედრაც, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იყო, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ სამხედრო თანამშრომლობა ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს.
"პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაცემა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება", - მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს.
ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში სტუმრობისას იმავეს იტყვის და ხელისუფლებაც, ხელისუფლების გადაცემისთვის უნდა მოემზადოს.
"ასე რომ, მოემზადონ აკაკი მინაშვილიც და გაბაშვილიც ხელისუფლების გადაცემისთვის. ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და მოხდება ხელისუფლების გადაცემა. არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და ყველა შემთხვევაში, მაინც მოხდება ხელისუფლების გადაცემა", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ჯობს ხელისუფლებამ ნებით დათმოს ის, რასაც ქართველი ხალხი მაინც მოიპოვებს საერთო აღშფოთების ძალით.