ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა სპარსეთის ყურეში შექმნილ კრიზისებთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ პრეზიდენტების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა, პირადი თავდებობით აიღო გარკვეული ვალდებულებები ამერიკის მხრიდან ირანის წინააღმდეგ გარკვეული ექსპანსიის შემთხვევაში.
"ყურადღება მინდა გავამახვილო უცხოური მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა ქართული კონტიგენტის გაზრდას ავღანეთში, რომელზედაც სააკაშვილმა ტრადიციულ პასუხს - რომ ეს დაკავშირებულია ტერორიზმის საფრთხეებთან - თავი აარიდა და თქვა, რომ ეს უკავშირდება საქართველოს სიახლოვით რეგიონთან. რეგიონთან სიახლოვე კი გულისხმობს ირანთან სამეზობლო კავშირურთიერთობებს და ირანის სახელმწიფოს მოხსენიება, როგორც ჩანს, ზედმეტად მიიჩნია", - აცხადებს დეპუტატი.
ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ შეხვედრაზე საუბარი სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ჭრილში იმ რეგიონელური პოლიტიკის განვითარებაზე იყო, რაც გულისხმობს გარკვეული სამხედრო ექსპანსიის შესაძლო განხორციელებას მომავალში, ირანის წინააღმდეგ.
"დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში გარკვეულწილად უკავშირედება სპარსეთის ყურეში შექმნილ კრიზისებს და ამ საქმეში საქართველოს როლს. საქართველო, როგორც ყოველთვის, სააკაშვილის პირადი თავდებობით იღებს გარკვეულ ვალდებულებებს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.