ამერიკის შეერთებული შტატები არ არის საბჭოთა კავშირი, რომ საქართველოში ცეკას მდივანი დანიშნოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ "ხელისუფლების ფორმალური გადაცემის" კონტექსტის განმარტებისას განუცხადა.
"ამერიკა საბჭოთა კავშირი არ არის და ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობები, როგორც ერთ დროს მოსკოვში რომ ინიშნებოდა საქართველოს ცეკას მდივანი", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, თავისუფალი სამყაროს პოლიტიკური თამაშის წესები სხვანირია და მიღებულია, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ის პოლიტიკური ძალა ვისაც ხალხი აირჩევს.
"ეს მოლოდინია, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში აუცილებლად ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები", - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დასეულების შემდეგ ბარაკ ობამა აღნიშნა, რომ საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება.
"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს მიმართ და გამოვთქვა იმედი, რომ გაიმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს", - განაცხადა ობამამ.