საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენების შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომელიც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"ძვირფასო თანამემამულენო, როგორც თითოეული თქვენგანი, ასევე მეც დიდი ინტერესით ველოდი ვაშინგტონში, ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას. საინტერესო საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებისადმი.
წარსულსა და აწმყოზე საუბრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი შეეხო საქართველოში სამომავლოდ ჩასატარებელ არჩევნებს და ისურვა, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შემდეგაც მოხდება ხელისუფლების კანონიერად გადაცემა.
სიმართლე უნდა ვთქვათ, ამერიკის პრეზიდენტის ეს სიტყვები არის ღია მხარდაჭერა და დადასტურება ქართველი ხალხის სურვილისა, რომ კანონიერად, არჩევნების გზით შეიცვალოს არსებული რეჟიმი. დიახ, პრეზიდენტი ობამა დაეთანხმა საქართველოს მოსახლეობის სურვილს და არა კონკრეტულ პიროვნებებს, მან როგორც ჭეშმარიტმა დემოკრატმა, პრეზიდენტმა პატივისცემა დაადასტურა ადამიანთა ფასეულ ღირებულებებისადმი, რასაც კანონიერება, თავისუფლება და დემოკრატია ჰქვია.
იმედი მაქვს, რომ ბატონ ობამას ეს მესიჯი ადეკვატურად აღიქვა გარკვეულ ადამიანთა ვიწრო წრემ, ახლა კი ჯერი საქართველოს მოსახლეობაზეა, რომელიც მჯერა ერთ მუშტად შეიკვრება-თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით და ყველა ერთად, კონსტიტუციის დაცვით კანონიერად მოვახდენთ ხელისუფლების შეცვლას. ქართული ოცნება აუცილებლად ახდება", - ნათქვამია განცხადებაში.