საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ "ხელისუფლების ფორმალური გადაბარების" კონტექსტი განმარტა.
"ხელისუფლების გადაბარება ნიშნავს იმას, რომ არჩევნების გზით ვინც მოვა ხელისუფლებაში მას უნდა გადაეცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სხვა ძალა უნდა მოვიდეს", - განმარტა მინაშვილმა.
ამასთან, უმრავლესობის წევრს არალოგიკურად მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა ვინმეს ურჩიოს ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში.
"ეს ლოგიკას არ ექვემდებარება. პრეზიდენტმა ობამამ იგულისხმა, რომ ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას უნდა გადაეცეს. მაგალითად თუ არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს ხელისუფლება ამ გუნდს გადაბარდება", - აღნიშნა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დასეულების შემდეგ ბარაკ ობამა აღნიშნა, რომ საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება.
"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს მიმართ და გამოვთქვა იმედი, რომ გაიმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს", - განაცხადა ობამამ.