ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველში ხელისუფლების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" გაზეთებზე "ნადირობენ".
ცაგარეიშვილის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში, დღეს პოლიციისა და გამგეობის თანამშრომლებმა პრესის ჯიხურების გამყიდველები და თბილისდან ჩასული სამარშუტო ტაქსის მძღოლები გააფრთხილეს, რომ "ქართული ოცნების" გაზეთები არ გაყიდონ და მთელ ტირაჟს თავად შეიძენენ.
დეპუტატის თქმით, დასავლეთ საქართველოს რაიონებში, ადგილობრივი მმართველობის დავალებით ხდება პრესის რამდენიმე საშუალების, კერძოდ კი "რეზონანსის", "ახალი თაობის" და "ალიას" სრული ტირაჟის შესყიდვა.
"ეს ხდება იმიტომ, რომ რეგიონების მოსახლეობამ არ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ხელისუფლება ცდილობს, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციოს რეგიონის მოსახლეობა", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მათი მიზანია გაზეთების და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ყველა ოჯახში შეიტანონ ინფორმაცია იმ ავაზაკობების შესახებ, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ყოველდღიურად აკეთებს.
მისი შეფასებით, ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამფრთხალია ხელისუფლება და ეშინია არა მხოლოდ თბილისის, არამედ რაიონების მცხოვრებლებისაც.