ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც აუცილებლად უნდა გაიმართოს, ლევან გაჩეჩილაძესა და მიხეილ სააკაშვილს გამარჯვების ერთნაირი შანსები ექნებათ.
გამყრელიძემ მიხეილ სააკაშვილს პირველ ტურში ხელოვნურად მიღებულ გამარჯვებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა და მეორე ტურის ჩატარებაზე დათანხმება ურჩია. გამყრელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გამარჯვება მხოლოდ მარნეულისა და ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე მოიპოვა.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ახალი მემარჯვენეები გაერთიანეული ოპოზიციის საპროტესტო აქციას არ უერთდებიან, თუმცა მზად არიან ერთიან ეროვნულ საბჭოსთან კოორდინირებული ქმედებებისთვის.
გამყრელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა რეაგირება მოახდინონ საქართველოში საარჩევნო პროცესების დროს განვითარებულ დარღვევებზე.