ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან ასაცილებლად კომერციულ ბანკებს შიდა კონტროლის განხორცილების ვალდებულება დაეკისრათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება უკვე ძალშია, რომლის თანახმადაც, "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" დებულება დამტკიცდა.
ბრძანების თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ბანკი ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი.
კომერციული ბანკი ვალდებულია მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის (კლიენტის), მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ საბანკო ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ - ამ პირის, იდენტიფიკაცია მოხდინოს; ასევე პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა; იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენა.
გარდა ამისა, კომერციულმა ბანკებმა მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანგარიშგების ფორმით უნდა წარუდგინონ, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების აღკვეთის მიზნით, უნდა განახორცილონ ბანკის თანამშრომლების სწავლების პროგრამება.
ამასთან, კომერციული ბანკი ვალდებულია მონიტორინგის პროცესი საეჭვო საბანკო ოპერაციებთან მიმართებაში ისე წარმართოს, რომ კლიენტებისთვის, საბანკო ოპერაციების მონაწილე და სხვა შესაბამისი პირებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენს მონიტორინგის ობიექტს.