"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, შეტანილი ცვლილებების შედეგად სასამართლოში ისედაც საგანგაშო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სოფრომაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გართულდა მოსარჩელე იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და მათი წარმომადგენლების სასამართლოში დაბარების წესები.
"სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელს აბსოლუტურად უკანონოდ ეძლევა უფლება უარი თქვას სარჩელის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხსენებული დოკუმენტი მიღებულია საფოსტო გზავნილის მეშვეობით, მოსარჩელე ხდება ვალდებული, ჩააბაროს მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღარ გამოაქვს ხარვეზის შესახებ განჩინება, აღარანაირ განმარტებას არ აკეთებს იმ მოქალაქეებისთვის რომელთაც სარჩელი შეაქვთ კვალიფიციური იურისტის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან არ აქვთ მათი დაქირავებისთვის აუცილებელი ხარჯები. ანუ, სოციალურად დაუცველი ფენისთვის სასამართლოს მეშვეობით საკუთარი დარღვეული უფლების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, ხოლო შედარებით შეძლებული ფენისთვის კი მნიშვნელოვნად გართულდა, როგორც ფინანსური ასევე სხვა კუთხითაც", - განაცხადა სოფრომაძემ.
მისი თქმით, ხსენებული ცვლილებების შემდეგ სოციალურად დაუცველი ფენა მნიშვნელოვნად დაზარალდა.
"თუკი პირი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან იმიტომ, რომ მას არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა, სასამართლო მას მაინც ავალდებლებს სარჩელის და თანდართული მასალების ასლების საკუთარი ხარჯებით ჩააბაროს მოპასუხეს, ანუ სოციალური დაცვის ხარისხი ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ნულის ტოლია, ვინაიდან მას ამის საშუალება არ აქვს. აქედან გამომდინარე, სოციალურად დაუცველი პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია თავისი უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვა", - განაცხადა სოფრომაძემ.
მისივე თქმით, "დემოკრატიული მოძრაობა" კატეგორიულად მოითხოვს დაუყოვნებლივ შევიდეს ცვლილებები კანონში და აღნიშნული ხარვეზი სასრაფოდ აღმოიფხვრას.