ხვალ, 31 იანვარს „თავისუფალი აზრის სახლში" ანალიტიკური პროექტის „რეალური რისკები რეალურ საქართველოში" III ნაწილის - "დემოგრაფიული რისკები საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან ცნობილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, უფლებადამცველები.
პრეზენტაციას გახსნის „თავისუფალი აზრის სახლის" საბჭოს თავჯდომარე, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გივი თალაკვაძე.
ძირითადი მომხსენებელი იქნება ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
და დემოგრაფი ანზორ თოთაძე.
ნაშრომი მოიცავს საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ტენდენციებს და მოსალოდნელ დემოგრაფიული საფრთხეებს, კერძოდ, პროექტი ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება; შობადობის კრიზისულ ზღვრამდე დაცემა; მოკვდაობის გაზრდა; მოსახლეობის ბუნებრივი მატების პრაქტიკულად შეჩერება და დეპოპულაციის პროცესის დაწყება; მოსახლეობის დაბერება; შიდა და გარე მიგრაციული პროცესების ფართო მასშტაბები; ბავშვთა მოკვდაობის და მკვდრადშობადობის საკმაოდ მაღალი დონე; რეალური უმუშევრობის უკიდურესად მაღალი დონე; შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხობრივი შემცირება; სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში საქართველოს მოსახლეობის წილის მკვეთრი შემცირება; ნეგატიური დემოგრაფიული პროცესებისა და შესაბამისი საფრთხეების ალბათობის მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი არასასურველი ტენდენცია, როგორიცაა ქორწინებათა რიცხვის საგრძნობი შემცირება და განქორწინებათა ზრდა; სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით დემოგრაფიული პროცესების არასაკმარისი მართვა, სახელმწიფოსა და საზოგადოების უმეტესი ნაწილის გაუცნობიერებლობა, გულგრილობა, ნიჰილიზმი და რეალურ ქცევებსა და ცხოვრებაში გაუთვალისწინებლობა.
ანალიტიკური პროექტი „რეალური რისკები რეალურ საქართველოში" 8 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილის „რისკები და გამოწვევები საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის" და მეორე ნაწილი - „ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებთან და სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებული რისკები საქართველოში" პრეზენტაცია უკვე გაიმართა. პროექტის შემდგომი თემები შეეხება სოფლის მეურნეობის, განათლების, ეკოლოგიის, მეცნიერებისა და ტეხნოლოგიების, სამედიცინო მომსახურებისა და საქართველოს წინაშე არსებული გეოპოლიტიკურ რისკებს.