ბათუმსა და ნახჭევანს (აზერბაიჯანი) შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა იგეგმება. რეისების დანიშვნაზე ინიციატივა აზერბაიჯანული მხარიდან მოდის, რომლებთაც სურვილი გამოთქვეს ასევე, რომ ნახჭევანსა და ბათუმს შორის ავტობუსის მარშრუტიც დაინიშნოს, რომელიც ნახჭევანსა და ბათუმს შორის მგზავრების გადაყვანაზე იზრუნებს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, ავიარეისის დანიშვნაზე ინიციატივა ნახჭევანის მხარიდან მოდის და თუ კონკრეტულად, რომელი კომპანია განახორციელებს ნახჭევანი-ბათუმის რეისს ეს მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.
როგორც ცნობილია, აჭარა და ნახჭევანი ტურისტულ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ითანამშრომლებენ. აჭარაში 3 დღიანი ვიზიტით,
აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ თალიბოვი იმყოფებოდა, რომელიც აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს ადგილზე გაეცნო. საქმიანი შეხვედრების პარალელურად სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც ბათუმი, ასევე ქობულეთის ტურისტული ზონა და მაღალმთიანი აჭარა.
ავტონომიების ხელმძღვანელები რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ვასიფ თალიბოვმა ლევან ვარშალომიძე ნახჭევანში მიიწვია. ახლო პერიოდში ბათუმს ნახჭევანიდან სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ქართველ მასპინძლებთან ერთად სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობისა და საინვესტიციო პროექტების დეტალებზე იმსჯელებს.