კომერციულ ბანკებისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო გარიგებები განესაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება უკვე ძალშია, რომლის თანახმადაც „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულება დამტკიცდა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში).
კომერციულ ბანკების მიერ ასევე მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო ანგარიშიდან მფლობელის მიერ საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვები, საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება,+ ანდა ასეთი პირის მიერ (ან მის სასარგებლოდ) საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება; სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა; საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა.
გარდა ამისა, ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ ნაღდი ფულადი ფორმით შეტანილი თანხის გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა); აღნიშნული გარიგების ქვეშ იგულისხმება როგორც ანგარიშიდან, ასევე ანგარიშის გაუხსნელად შესრულებული ოპერაცია; სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით; იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა; გრანტის (გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა; საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება.