საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტები თანამშრომლობის ყველა ასპექტს განიხილავენ.
"ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას საუბარი შეეხება თანამშრომლობის ყველა ასპექტს, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას. საუბარი შეეხება უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების განვითარების საკითხს, ასევე თანამშრომლობას ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში. საუბარი იქნება ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, ობამა-სააკაშვილის შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტის პირადი მიწვევით ხორციელდება.
"ეს წელი აღსანიშნავია ორივე ქვეყნისთვის, რადგან ორივე ქვეყანაში დაგეგმილია არჩევნები. ასევე, შესრულდა 20 წლისთავი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ბარაქ ობამას შეხვედრა დღეს, თეთრ სახლში გაიმართება.