საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში მღვდელმონაზონ იონას დაკავების ფაქტს ადასტურებს. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ფაქტი დასტურდება მაგრამ დეტალები არც საგარეო უწყებისთვის და არც შსს-თვის ცნობილი არ არის.
"მოგეხსენათ ეს რა ადგილზე და რა ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების წყაროები შეზღუდული გვაქვს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ვანდალური ფაქტი, რომელიც არის ფაქტიურად კრიმინალური გამოვლინება და იგი დიდწილად განპირობებულია სწორედ ამ რეგიონების და ამ ადგილის მიმდინარე სტატუსით, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორია და სადაც განუკითხაობა ყოველდღიური ფაქტორია", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, 31 იანვარს, პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე დროს ქართული მხარე ამ საკითხს დააყენებს შესაბამისი სიმკაცრით და პრინციპულობით.