"განახლებული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მინდია გულუა, პოლიტიკურ ძალებს ეროვნული თანხმობის საკოორდინაციო ცენტრის შექმნას სთავაზობს.
"მოგმართავთ წინადადებით, დაუყოვნებლივ შეიქმნას ეროვნული თანხმობის საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს გააერთიანებს და დაიწყებს მუშაობას ქვეყანაში პოლიტიკური კონფრონტაციის აცილების მექანიზმზე, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ნორმალური, მშვიდი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და ხალხს მიეცეს საშუალება, დაუბრკოლებლივ გამოხატოს თავისი ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება, რომლის დამანგრეველ შედეგებს უკვე ვეღარ ავიცილებთ თავიდან", - ნათქვამია მინდია გულუას განცხადებაში, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ბიზნესმენი პირადად იღებს პასუხისმგებლობას, ორგანიზება გაუწიოს ამ ჯგუფის შეხვედრას საქართველოს ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ქვეყანაში.
"სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო, არა მაქვს საშუალება ჩამოვიდე საქართველოში, ჩემს სამშობლოში, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას მე, როგორც ჯარისკაცი, 1992-93 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ვიცავდი", - აცხადებს გულუა.